დღეს გადამწყვეტი თამაშია - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბელგიაში მეინ რაუნდის ბოლო მატჩს გამართავს #1TVSPORT
დღეს, 7 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები სტუმრად ბელგიაში გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა მზადება პირველ მარტს თბილისში დაიწყო, ბელგიაში კი 4 მარტს გაემგზავრა, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბა. მატჩის წინა დღეს გუნდმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მეკარე ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა (სამივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), შაგინია („პალმა“, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), სიმი საიოტი („ელექტრიკო“, პორტუგალია), ბრუნო გომესი („აპოსტოლი“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), თალესი („კასკაველი“, ბრაზილია), ელისანდრო („მაგნუსი“, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი).
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა თბილისში საქართველომ 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მეტოქეს კი 6 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელგიამ ჯგუფის აუტსაიდერ ავსტრიას 6:1 სძლია.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლეიოფში განაგრძობს.
ბელგია-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი შემოგთავზებთ.