დღეს ასეთი მცველი ოცნებაა - ქართული ფეხბურთის გენერალი ალექსანდრე ჩივაძე 66 წლის გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

8 აპრილი ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის, რომლის კარიერაც უნიკალურია მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი კლუბში, თბილისის „დინამოში“ ითამაშა.

ქართული ფეხბურთის გენერლად მონათლული მცველი საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ნაკრებების ღირსებას იცავდა. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად. იყო თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ნახალოვკელმა ბიჭმა თამაში თბილისის 35-ე სკოლაში 1965 წელს ვანო შუდრას ხელმძღვანელობით დაიწყო. 1973 თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში გასინჯვაზე მიიწვიეს, სადაც ორმხრივ შეხვედრაშიც მეორე შემადგენლობა ძირითადს ათამაშეს და კარიდან გამოსულ მეკარე დავით გოგიას 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო. მატჩის მერე კახი ასათიანმა უთხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო და მისი წინასწარმეტყველება ახდა. ნიჭიერი ფეხბურთელი „დინამოში“ დატოვს, 1974 წელს „დინამოში“ სადებიუტო მატჩი 17 ივლისს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩში „სპარტაკის“ წინააღმდეგ მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე ჩაატარა. სულ ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 400 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა.

1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, 46 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა, 26 მატჩში კი გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, ერთადერთი ქართველია, ვინც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

 

სამწვრთნელო კარიერა

1993–1997 და 2001–2003 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების, ხოლო 2012–2016 წლებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში საუკეთესო შედეგს მიაღწია და ევრო1996-ის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

 


ალექსანდრე გაბრიელის ძე ჩივაძე


დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს ქლუხორში, სტავროპოლის მხარეში (66 წლის)

სიმაღლე 182 სმ.

პოზიცია მცველი/ ნახევარმცველი

 

პროფესიონალური კარიერა

1974–1987 დინამო თბ. 324 (44)

 

სანაკრებო კარიერა

1980–1987 სსრ კავშირი 46 (3)

 

სამწვრთნელო კარიერა

1993–1997 საქართველო

2001–2003 საქართველო

2012–2016 საქართველო 21 წლ.

 

მიღწევები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1978

საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1977

საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.), 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979

საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1980

ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981

 

სანაკრებო მიღწევები

საქართველოს ნაკრები

სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

 

ინდივიდუალური

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1980

უეფას ლალის ორდენის კავალერი: 2001

33 საუკეთესო:

№1: 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1986

№2: 1985

 

„ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაიკავა მე-8 ადგილი (1981).

ამას გარდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე – 1982 წელს ესპანეთის და 1986 წელს – მექსიკაში. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში – შვიდჯერ პირველ ნომრად.

საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981) საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი გახდა. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.