ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის კონსულტანტმა დევიდ ჰემფრიზმა, „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე ისაუბრა. Daily Mail წერს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შაბათს „თვიქენჰემზე“, ინგლისთან გასამართი მატჩი, საქართველოს „ექვს ერში“ მოსახვედრად მაინც საკმარისი არგუმენტები აქვს:
გარდამავალ პერიოდში, ქართველ მორაგბეებს არ ყოფნით გამოცდილება და სათამაშო დრო, თუმცა ისინი უარს ვერ იტყოდნენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებთან თამაშის შესაძლებლობაზე.
ბორჯღალოსნები არიან შუალედურ მდგომარეობაში – კონტინენტის მეორე დონის ჩემპიონატის უკანასკნელი 13 გათამაშებიდან 11 მოიგეს, თუმცა მაინც არ ეძლევათ „ექვს ერში“ შესვლის შესაძლებლობა. ეს ტურნირი კვლავ ჩაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში იტალია საშინელ შედეგებს აჩვენებს.
მას შემდეგ, რაც კოვიდ-პანდემიის გამო იაპონიამ „შემოდგომის ერთა თასზე“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, საქართველოს სიცარიელის შევსება შესთავაზეს და ბორჯღალოსნებს რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამოცანისთვის მზადება ფორსირებულ რეჟიმში მოუწიათ.
„მოსამზადებელი პერიოდის ნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება, – ამბობს დევიდ ჰემფრიზი. – მათ სურთ მაღალ დონეზე თამაში და მიიღეს შესაძლებლობა, რომელზეც უარს ვერ იტყოდნენ. საქართველოს შესახებ მხოლოდ შედეგების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. მათ ჰყავთ ახალგაზრდული შემადგენლობა, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა 20-წლამდელთა დონეზე, თუმცა მორაგბეთა დიდ ნაწილს არ უთამაშია თებერვლის, ან მარტის შემდეგ. მათაც კი, ვინც წამყვან ფრანგულ კლუბებში თამაშობენ, სათამაშო დრო შეზღუდული აქვთ.
„წამყვან მოთამაშეთა ერთი ნაწილი ტრავმირებულია, მეორე ნაწილი კი, რომელთა გარშემოც უკანასკნელი წლების განმავლობაში გუნდი შენდებოდა, პენსიაზე გავიდა“.
საქართველო ინგლისს პირველად ეთამაშება მსოფლიო თასს მიღმა, თუმცა ისინი მიისწრაფიან, რომ „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან ცოტა ხნის წინ გამართული მატჩის შემდეგ, ტრადიციულად ძლიერები იყვნენ შერკინებასა და მოლში.
მათი მიზანია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით მატჩს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ, სადაც, პოტენციურად, იტალიასთან მოუწევთ თამაში. ამ მოვლენის მასშტაბი კარგად ესმით მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ემოციურ გულშემატკივრებს:
„ვიმედოვნებ, ამ თამაშს მორაგბეები მომზადებულები შეხვდებიან, რადგან მისი შედეგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისთან, ირლანდიასთან და უელსთან მატჩის შედეგები“, – ამბობს ჰემფრიზი და განაგრძობს: „ტურნირის დაწყებას ყველა დიდი მღელვარებით ელოდება. საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა ამბიციურია, რაგბი ქვეყანაში სპორტის პოპულარული სახეობაა და სახელმწიფოსგან კარგად ფინანსდება. მათ ჰყავთ კარგი შემსრულებლები და აქვთ შედარებით კარგი მოსამზადებელი პირობები. ყველამ იცის, რომ რუსეთთან მატჩს 50-60 ათასი მაყურებელი ესწრება და მოთხოვნა კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ ისინი „ექვსი ერის“ ნაწილი გახდებიან.
ეს ტურნირი ქართველ მორაგბეებს და სამწვრთნელო შტაბს აჩვენებს, თუ რა აქვთ გასაკეთებელი, რათა მოახდინონ საკუთარი ამბიციის რეალიზება და „ექვს ერში“ ითამაშონ. მათ მოუწევთ მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ამისთვის მზად არიან, რადგან სწამთ, რომ შორეულ პერსპექტივაში უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ“, – ამბობს ლევან მაისაშვილის ირლანდიელი კონსულტანტი.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.