„მილუოკიმ“ სერია „მშრალად“ მოიგო - „იუტამ“ ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო]
10:30, 23.04.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფი „დეტროიტისთვის“ დასრულებულია. „პისტონსმა“ „მილუოკი ბაქსთან“ სერია ნგარიშით 0:4 წააგო. ამ წყვილის მეოთხე დაპირისპირება დღეს, დეტროიტში შედგა და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 127:04 დასრულდა. მასპინძელთა შორის არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას. მიჩიგანელებმა, მესამე მეოთხედის შუა ნაწილამდე, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დარჩენილ დროში „მილუოკი“ შეუჩერებელი იყო. რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა, მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხე მეოთხედში, მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. შეუძლებელი გამოდგა აიანის ანტეტუკონმპოს შეჩერება. ბერძენმა უნივერსალმა, არასრულ 32 წუთში 41 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება და 3 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. დეტროიტელთა შორის, 26 ქულით რეჯი ჯექსონი გამოირჩა. „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია და ფინალის საგზურისთვის ბოსტონ „სელტიქსის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. ბოსტონელებმა „ინდიანა პეისერსი“ სერიაში ასევე დამაჯერებლად , ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
დასავლეთ კონფერენციის პლეიოფში პირველი მატჩი დათმო „ჰიუსტონ როკეტსმა“. მაიკ დანტონის გუნდმა, დღეს იუტაში, ადგილობრივ „ჯაზთან“ ანგარიშით 91:107 წააგო. მასპინძელთა წარმატება ბოლო მეოთხედში მოპოვებულმა სოლიდურმა ჰანდიკაპმა განაპირობა. დასკვნითი პერიოდი „ჯაზმენებმა“ ანგარიშით 31:12 მოიგეს. შესანიშნავი იყო ბოლო წუთებზე დონოვან მიჩელი. იუტას ლიდერმა ჯამში 31 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტებში აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე. ორმაგი დუბლი გაიფორმა რიკი რუბიომ. ესპანელი გამთამაშებლის ანგარიშზე 18 ქულა და 11 გადაცემა დაფიქსირდა. 23 ქულა მოიპოვა ჯაე კრაუდერმა. „ჰიუსტონს“ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 30 ქულით. კრის პოლის ანგარიშზე 23 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა დაფიქსირდა. ამ გუნდების საერთო სერიაში ანგარიში 3:1 გახდა. მეხუთე შეხვედრა 25 აპრილს ჰიუსტონში ჩატარდება და ტექსასური კლუბი, გამარჯვების შემთხვევაში, კონფერენციის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.