დეტროიტმა პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, პოლ ჯორჯმა ოკლაჰომას მოაგებინა
10:20, 10.04.2019
რამდენიმე გუნდმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი უკვე დაასრულა. ნაწილი გუნდებისთვის კი ხვალ ბოლო ტურის მატჩები ჩატარდება. დეტროიტ „პისტონსმა“ დღეს საკუთარ დარბაზში, მემფის „გრიზლის“ უმასპინძლა და ანგარიშით 100-93 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, დუეინ კეისის გუნდმა პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ მემფისთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 19 ქულის სხვაობით აგებდნენ, თუმცა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს. ზაზა ფაჩულიამ მემფისის წინააღმდეგ სამი ქულა და ექვსი მოხსნა გააკეთა. „პისტონსს“ იშ სმიტმა ულიდერა 22 ქულით. 20 ქულა და 17 მოხსნა დაფიქსირდა ანდრე დრამონდის ანგარიშზე. დეტროიტი აღმოსავლეთში მერვე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით პლეი-ოფში მილუოკი „ბაქსზე“ გადის. ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში, მიჩიგანელებმა შესაძლოა, მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლონ და ამ შემთხვევაში, მეტოქე ტორონტო „რეპტორსი“ იქნება.
„ჩისპეიკ არენაზე“ გამართულ დრამატულ მატჩში, პოლ ჯორჯის ზუსტი სამქულიანით, ოკლაჰომამ ჰიუსტონი ანგარიშით 112-111 დაამარცხა. მანამდე, ჯეიმს ჰარდენმა ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო გამოიყენა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა, რაც მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს. „სითი თანდერსს“ სამმაგი დუბლით რასელ ვესტბრუკმა ულიდერა. უკანახაზელმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი გააკეთა. ჯორჯმა თამაში 27 ქულით დაასრულა. სტუმართა შორის ჯეიმს ჰარდენი იყო საუკეთესო 39 ქულით და 10 მოხსნით.
„როკეტსმა“ რეგულარული სეზონი უკვე დაასრულა. ტეხასური კლუბი მესამე ადგილზე იმყოფება. ოკლაჰომას ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი. „ოუ-ქეი-სი“ ბოლო ტურში აღმოსავლეთის და მთლიანად რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს, მილუოკი „ბაქსს“ შეხვდება.