დეტროიტმა პლეიოფი მარცხით დაიწყო, ფაჩულიას 5 ქულა და 9 მოხსნა მილუოკიში
11:01, 15.04.2019
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფი 35-ქულიანი მარცხით დაიწყო დეტროიტ „პისტონსმა“. დუეინ კეისის გუნდი მილუოკი „ბაქსთან“ სერიაში თავიდანვე აუტსაიდერად შეირაცხა. მილუოკი მთლიანად რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდია და ფავორიტის სტატუსი პირველივე მატჩში დაამტკიცა. მასპინძლებმა საწყის პერიოდშივე მოიპოვეს 20-ქულიანი ჰანდიკაპი, რაც თამაშის მსვლელობის დროს კიდევ უფრო განამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ დეტროიტელებს ტრავმის გამო ბლეიკ გრიფინი ვერ დაეხმარა. 17 წუთზე მეტი ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა კალათბურთელმა ხუთი ქულა და ცხრა მოხსნა მოიპოვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, როგორც მოსალოდნელი იყო, იანის ანტეტუკონმპო გახდა. ბერძენმა უნივერსალმა 23 წუთში 24 ქულა, 17 მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საბოლოოდ, ვისკონსინელებმა ანგარიშით 121:86 გაანადგურეს მეტოქე და სერიაში დაწინაურდნენ – 1:0. წყვილის მომდევნო მატჩი 18 აპრილს ისევ „ფისერვ ფორუმში“ ჩატარდება.
ამავე კონფერენციაში ბოსტონ „სელტიქსმა“ ანგარიშით 84:74 დაამარცხა ინდიანა „პეისერსი“ და სერიაში წინ გავიდა. ბოსტონელებს დაბალშედეგიან შეხვედრაში კაირი ირვინგმა უწინამძღოლა 20 ქულით, შვიდი გადაცემითა და ხუთი მოხსნით. ბოსტონი ზედიზედ მეორე მატჩის მოგებას სამ დღეში, ისევ საკუთარ „თი დი გარდენში“ შეეცდება.