დეტროიტმა გრიფინის გარეშე მოიგო, ჰარდენის 50 ქულა საკრამენტოსთან
12:11, 31.03.2019
რვა შეხვედრით გაგრძელდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი.
დეტროიტ „პისტონსმა“ პლეი-ოფში მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ლარი დრიუს გუნდმა ამჯერად საკუთარ დარბაზში დასავლეთ კონფერენციის ერთერთი ლიდერი, პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ ანგარიშით 99-90 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პრინციპული მატჩი გუნდის ლიდერის, ბლეიკ გრიფინის გარეშე მოიგეს. მიჩეგანალებს რეჯი ჯექსონმა და ანდრე დრამონდმა ულიდერეს. ჯექსონის ანგარიშზე 28 ქულაა, დრამონდმა კი 22 ქულით და 19 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 10 წუთი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ოთხი ქულა, ორი პასი და ერთი მოხსნა მოიპოვა. დეტროიტი 39 მოგებით და 37 მარცხით აღმოსავლეთში მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა „პისტონსს“ პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად განაღდებული არ აქვს. მომდევნო ტურში ამ გუნდის მეტოქე ინდიანა „პეისერსი“ იქნება.
ჰიუსტონმა საკრამენტოს 119-108 მოუგო, ჯეიმს ჰარდენმა კი მორიგო ბენეფისი მოიწყო. ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა 50 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ გამარჯვების შემდეგ, „როკეტსმა“ პორტლენდს გადაასწრო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. საკრამენტოს პლეი-ოფში მოხვედრის არანაირი შანსი აღარ აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს 3 აპრილს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ამჯერად თამაში საკრამენტოში შედგება.