დეტროიტის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება, ბოსტონმა ოკლაჰომაში მოიგო
10:26, 26.10.2018
შესანიშნავი სტარტი აქვს NBA-ს რეგულარულ სეზონში „დეტროიტ პისტონსს“, რომელიც კვლავ წაუგებლად ასპარეზობს. ზაზა ფაჩულიას გუნდმა, ამჯერად კლივლენდის „კავალიერსი“ 110-103 დაამარცხა. „ლითლ სიზარს არენაზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა დომინირებით აღინიშნა და მეტოქე მუდმივად მდევრის როლში იყო. ფაჩულიას ბერვი სათამაშო დრო არ მისცემია. ქართველმა კალათბურთელმა 10:27 წუთში, 2 ქულა 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ანდრე დრამონდმა, რომლის ანგარიშზეც, 26 ქულა და 22 მოხსნა დაფიქსირდა. ბლეიკ გრიფინმა 26 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. დუეინ კეისის გუნდი, აღმოსავლეთ კონფერენციაში, „ტორონტო რეპტორზთან“ და „მილუოკი ბაქსთან” ერთად წაუგებლად ასპარეზობს. დეტროიტი მორიგ მატჩს ისევ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. „პისტონზი“ ერთერთ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ მიიღებს.
ბოსტონელებმა დღეს დილით ოკლაჰომაში მოიგეს. „ჩისპეიკ არენაზე“ გამართული შეხვედრა „სითი თანდერმა“ გაცილებით უკეთ დაიწყო და ტაიმი მასპინძლებმა 16 ქულის უპირატესობით დაასრულეს. მეორე ნახევარში, „სელტიქსმა“ მეთოდურად დაიწყო სხვაობის დაქაჩვა და ბოლო პერიოდის წინ ერთი ქულით წინ გასვლაც შესძლო. სტუმრებს საჭირო დროს ულიდერეს ჯეისონ ტატუმმა და ალ ჰორფორდმა, რომლებმაც შესაბამისად 24 და 19 ქულა მოაგროვეს. ოკლაჰომელთა ლიდერი რასელ უეტბრუკი ძირითადად გუნდურ თამაშზე იყო ორიენტირებული და მისთვის უჩვეული 13 ქულა მოაგროვა, თუმცა 8 შედეგიანი გადაცემა და 15 მოხსნაც გააკეთა. საბოლოოდ, ბოსტონმა 101-95 გაიმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. რაც შეეხება „სითი თანდერს“, ბილი დონოვანის გუნდს მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.