დეტროიტის მოგებების სერია ბრუკლინში შეწყდა, ჰიუსტონის ზედიზედ მეცხრე მოგება
დეტროიტის მოგებების სერია ბრუკლინში შეწყდა, ჰიუსტონის ზედიზედ მეცხრე მოგება

ექვსი მატჩით გაგრძელდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი. დეტროიტ „პისტონსმა“, ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, ამჯერად ვერაფერი გააწყო უშუალო კონკურენტის, ბრუკლინ „ნეტსის“ წინააღმდეგ და დიდი სხვაობით, ანგარიშით 75-103 დამარცხდა. „ბერკლეის ცენტრში“ ჩატარებულ შეხვედრაში ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელშიც მასპინძლებმა 26-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. გარკვეული პაუზის შემდეგ, დეტროიტელებს ზაზა ფაჩულია დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა 7:46 წუთში მხოლოდ 2 ქულის, 1 მოხსნის და 1 პასის გაკეთება მოასწრო. სტუმრებს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სროლები არ წაუვიდათ და დაცვაშიც საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ. სწორედ ამან გამოიწვია მიჩეგანელთა ამხელა სხვაობით წაგება. ამ შედეგის შემდეგ, გუნდებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში ადგილები გაცვალეს. „ნეტსი“ მეექვსე ადგილზე გადავიდა, „პისტონსი“ კი მეშვიდეზეა. ჯერჯერობით ორივე გუნდი ინარჩუნებს საპლეიოფო ზონაში ადგილს. ბრუკლინი მომდევნო ტურში ოკლაჰომას გასვლაზე შეხვდება, ხოლო დეტროიტის მეტოქე კიდევ ერთი უშუალო კონკურენტი, მაიამი „ჰიტი“ იქნება.

შესანიშნავ ფორმაშია ჰიუსტონ „როკეტსი“. მაიკ დ’ ანტონის გუნდმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ჰიუსტონელებმა, საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ შარლოტ „ჰორნეტსი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 118-106 დაამარცხეს. ჯეიმს ჰარდენმა გამარჯვებულებს 28 ქულით და 10 შედეგიანი გადაცემით ულიდერა. სტუმართა შორის კემბა უოქერი გამოირჩა 40 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით. „როკეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და თუ ასეთივე წარმატებით გააგრძელა სეზონის დასკვნით ნაწილი, შესაძლოა ტეხასურმა კლუბმასაკუთარ კონფერენციაში რეგულარული სეზონიც მოიგოს. მომდევნო მატჩი კი ერთერთი გადამწყვეტი იქნება, აღნიშნული მიზნისკენ. ჰიუსტონელები 14 მარტს საკუთარ დარბაზში ლიდერ გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ უმასპინძლებენ. შეგახსენებთ, რომ ჰიუსტონმა წელს სამივე თამაში მოუგო მოქმედ ჩემპიონს.

იუტა-ოკლაჰომა 89-98
კლივლენდი-ტორონტო 126-101
კლიპერსი-ბოსტონი 140-115
ვაშინგტონი-საკრამენტო 121-115