„დენვერმა“ „ლეიკერსი“ ისევ დაამარცხა და NBA-ის სუპერფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გადამწყვეტ ფაზაში შედის კონფერენციების ფინალური ეტაპი. გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე შეხვედრაში „ლეიკერსმა“ „დენვერს“ უმასპინძლა და 108:119 დამარცხდა.
„დენვერის“ ლიდერის, ნიკოლა იოკიჩის მძიმე სტარტის ფონზე პირველ ნახევარში თავის თავზე თამაში ჯამალ მარიმ აიღო, რომელმაც საბოლოოდ 37 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა. რაც შეეხება თავად იოკიჩს, სერბის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი იყო. მათ დაეხმარნენ კალდველ-პოუპი (17 ქულა), ბრუს ბრაუნი (15 ქულა) და მაიკლ პორტერი (14 ქულა).
„ლეიკერსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი იყო 28 ქულით. ლებრონ ჯეიმსმა და ოსტინ რივსმა 23-23 ქულა ჩააგდეს, ხოლო 13 ქულის დაგროვება მოახერხა იაპონელმა რუი ჰაჩიმურამ.
საბოლოოდ, „დენვერი“ სერიაში 3:0 დაწინაურდა და სუპერფინალში გასასვლელად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება. NBA-ის ისტორიაში 0:3 დეფიციტი არცერთს გუნდს არ დაუძლევია. მომდევნო შეხვედრაც „ლეიკერსის“ დარბაზში 23 მაისს გაიმართება.