„დენვერმა“ და „ფინიქსმა“ სერიები დახურეს, „ბოსტონმა“ „ატლანტასთან“ მეორე თამაში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
11:53, 26.04.2023
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის პირველი რაუნდი გრძელდება. გამთენიისას სამი შეხვედრა გაიმართა და მეორე რაუნდში გასული კიდევ ორი გუნდის ვინაობა გაირკვა.
დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, „ფინიქს სანსმა“ სერიის მეხუთე თამაშში „კლიპერსი“ 136:130 დაამარცხა და დაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა. არიზონელთა რიგებში საუკეთესო კვლავ დევინ ბუკერი იყო, რომელმაც „კლიპერსს“ 47 ქულა ჩაუგდო. რაც შეეხება კევინ დურანტს, NBA-ის ფინალების ორგზის უძვირფასესმა მოთამაშემ 31 ქულა დააგროვა. კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გარეშე დარჩენილ „კლიპერსს“ ნორმან პაუელმა ულიდერა, 29 წლის უკანახაზელმა 27 ქულის ჩაგდება შეძლო.
დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის პირველადგილოსანმა „დენვერ ნაგეტსმა“ სერიაში ასევე 4:1 დაამარცხა „მინესოტა ტიმბერვულვზი“. მეხუთე მატჩის საუკეთესო ბომბარდირი „დენვერის“ მცველი ჯამალ მარი გახდა 35 ქულით, ხოლო NBA-ის ბოლო ორი სეზონის უძვირფასესმა მოთამაშემ, ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა, 17 მოხსნა, 12 პასი. „მინესოტას“ ენტონი ედვარდსმა ულიდერა 29 ქულით. საბოლოოდ, კოლორადოს წარმომადგენელმა 112-109 გაიმარჯვა. „დენვერი“ პლეი ოფის მეორე რაუნდში „ფინიქსს“ დაუპირისპირდება, სერია 30 აპრილს გაიხსნება.
მოულოდნელად „ატლანტასთან“ სერიაში საქმე გაურთულდა „ბოსტონ სელტიქსს“. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა სერიის მეხუთე შეხვედრა საკუთარ მოედანზე 117:119 წააგო და დაპირისპირებაში სხვაობა შემცირდა, 3:2 „ბოსტონის“ სასარგებლოდ. მატჩის ბედი „ატლანტელმა“ ტრეი იანგმა გადაწყვიტა, რომელმაც ბოლო წამებზე გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო. საერთო ჯამში, იანგმა 38 ქულას მოუყარა თავი 13 პასთან ერთად. „სელტიქსიდან“ პარკეტზე საუკეთესო ჯეილინ ბრაუნი გახლდათ 35 ქულით. აღნიშნული სერიის მეექვსე მატჩს ჯორჯიის დედაქალაქი უმასპინძლებს.