დენვერის მოულოდნელი მარცხი აუტსაიდერთან, გოლდენ სტეიტი კვლავ ლიდერია
10:47, 01.04.2019
სენსაციური მარცხი განიცადა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა დენვერ „ნაგეტსმა“. კოლორადოელებმა საკუთარ „პეპსი ცენტრში“ ვაშინგტონ „ვიზარდსთან“ ანგარიშით 90:95 წააგეს. მასპინძლებმა, პირველი ტაიმის მოგების შემდეგ, თამაშის მეორე ნახევარში უამრავი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს სერიოზული გაქცევის საშუალება მისცეს. დაძაბულ ბოლო წამებზე კი მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს. დედაქალაქურ კლუბს ბრაუნმა 24 ქულით უწინამძღოლა. „ნაგეტსის“ რიგებში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა იოკიჩმა. სერბმა ცენტრმა 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა. დენვერი ამ წაგების შემდეგ ისევ მეორე ადგილზეა.
ლიდერობა დაიბრუნა გოლდენ სტეიტმა. მოქმედმა ჩემპიონმა შარლოტ „ჰორნეტსი“ უშანსოდ, ანგარიშით 137:90 გაანადგურა. თამაშმა ინტრიგა მესამე მეოთხედის შუაში დაკარგა. „ვორიორზს“ სტეფ კარიმ 25 ქულით უწინამძღოლა. 24 ქულა დაფიქსირდა კლეი ტომპსონის ანგარიშზე. სტივ კერის გუნდი 52 მოგებით და 24 წაგებით პირველ ადგილზეა და ერთი გამარჯვებით უსწრებს დენვერ „ნაგეტსს“. მომდევნო ტურში კი ეს გუნდები ერთმანეთს „ორეკლ არენაზე“ დაუპირისპირდებიან.
ნიუ ორლეანსი-ლეიკერსი 102:130
სან ანტონიო-საკრამენტო 106:113
კლიპერსი-მემფისი 113:96