ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე „უოტფორდმა“ კონტრაქტი გააფორმა ნახევარმცველ მიტჩელ ბერგკამპთან, რომელიც ლეგენდარული ნიდერლანდელი ფორვარდის დენის ბერგკამპის ვაჟი გახლავთ.
22 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება ექვსთვიანია და გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. თავდაპირველად, მიტჩელი თამაშს “უოტფორდის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყებს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. შესანიშნავია ასეთი შესაძლებლობის მიღება. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა შევძლებ მინდორზე გასვლას და მუშაობის დაწყებას. ძალიან მიხარია, რომ ეს შანსი მივიღე“, – თქვა ნახევარმცველმა.
მიტჩელ ბერგკამპი კარიერას ნიდერლანდების „ალმერში“ იწყებდა. ამ სეზონში მან სამედიცინო შემოწმება ლონდონის „არსენალში“ გაიარა.