დემჩენკოს კომენტარი კოვტალიუკის შესაძლო ტრანსფერზე - ის წინ უნდა წავიდეს, „დილა“ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს იპოვის #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გორის „დილას“ თავდამსხმელის, მიკოლა კოვტალიუკის „ვორსკლაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი ua.tribuna.com-თან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დრომდე დემჩენკო „დილას“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდიდან პოლტავის „ვორსკლა“ გააგდო (ჯამში 4:3), ხოლო ამ მატჩებში „დილას“ ოთხი გოლიდან ორი კოვტალიუკმა გაიტანა.
„კოვტალიუკმა კონფერენს ლიგაზე კარგ გუნდებს გაუტანა და ის ბევრმა გუნდმა შენიშნა. არა მგონია, რომ ფეხბურთელმა ერთ გუნდში ასი წელი უნდა ითამაშოს. ის წინ უნდა წავიდეს, რათა მდიდარმა კლუბმა „დილას“ და პირადად მასაც კარგი წინადადებით მიმართოს.
ბედნიერი ვიქნები, თუ ფეხბურთელი კარგად ითამაშებს და კარგი ფინანსური პირობებით 3-4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „დილა“ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს იპოვის. მთავარია, რომ მოთამაშე პროგრესირებს და განაგრძობს წინსვლას. „დილა“ უფრო მაღალი დონის გუნდისკენ მიმავალი კარგი ტრამპლინია.
აპირებს თუ არა „დილა“ კოვტალიუკზე თანხის გამომუშავებას? არ ვიცი, მათ შორის რა სახის შეთანხმებაა. მას ტრავმა ჰქონდა და „დილაში“ შვიდთვიანი უთამაშებლობის შემდეგ დაბრუნდა. კოვტალიუკი მხოლოდ მესამე თვეა, რაც თამაშობს და ჩვეულ ფორმას იბრუნებს. „დილაში“ მას მიეცა შანსი, ის სერიოზულად მუშაობს ვარჯიშებზე და შედეგი ამიტომაც აქვს.
ალბათ იყო შეთანხმება, რომ მას გუნდში შანსს მისცემდნენ და თუ თავს გამოიჩენდა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაათავისუფლებდნენ. სარგებელი, რომელიც მან გუნდს მოუტანა, შეიძლება გარკვეულ კომპენსაციად ჩაითვალოს“, – განაცხადა დემჩენკომ.
როგორც ცნობილი გახდა, კოვტალიუკი ამ ზაფხულს „ვორსკლაში“ არ გადავა, რადგან „დილას“ მისი შემცვლელის მოძებნის დრო არ აქვს. უკრაინელი თავდამსხმელის კონტრაქტი ქართულ კლუბთან მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი.