დემჩენკოს „ჟილინასთან“ სასწაულის სჯერა - საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ #1TVSPORT
დემჩენკოს „ჟილინასთან“ სასწაულის სჯერა - საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ #1TVSPORT

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა. ანდრეი დემჩენკომ 15 ივლისს სლოვაკურ „ჟილინასთან“ გასამართ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ილაპარაკა:

„რასაკვირველია, შედეგიდან გამომდინარე, პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან ცუდად დასრულდა, მაგრამ ზოგადად თამაშზე თუ ვილაპარაკებთ, ჩვენ გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა და გაგვეტანა გოლები. მაგალითად, 0:2-ზე ორი ბურთი გატანა და თამაშში „დაბრუნება“ შეგვეძლო. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. მესამე გოლის გაშვებამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა, მერე გაჩაღდა გახსნილი თამაში და საბოლოოდ 1:5 წავაგეთ. პირველ შეხვედრაში გადავწყვიტეთ თავიდანვე გახსნილად და აგრესიულად გვეთამაშა, რადგან ეროვნულ ლიგაში ბოლო სამი მატჩი მოგებული გვქონდა, ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ. გვსურდა, მოწინააღმდეგისთვის ბრძოლა გაგვემართა და პირველი წუთებზე სწრაფად გაგვეტანა. თუმცა „ჟილინა”აღმოჩნდა უფრო ძლიერი, უფრო შემართებული და უფრო სწრაფი. გამოდის, რომ ვერ გამოვიცანით, როგორ ჯობდა თამაში. ალბათ, უმჯობესი იყო დაცვიდან გვეთამაშა, კონტრშეტევებზე გვეზრუნა. ასეთი გამოთქმა არსებობს: „გადავედით შეტევაზე და ჩავვარდით ტყვედ“ . ჩვენ სწორედ ასე დაგვემართა“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.

„განმეორებით შეხვედრაში კორექტივებს აუცილებალდ შევიტანთ, თუმცა ახლა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ. ჩემი სიტყვებიდან შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და რომ საწაულები ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ამისი მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ როგორც შედარებით დაბალი რანგის ლიგების, ისე, სუპერკლუბებს შორის გამართული ორრაუნდიანი მატჩების შედეგები“, – განაცხადა „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ „დილამ“ სლოვაკეთში „ჟილინასთან“ პირველი მატჩი 1:5 წააგო, განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, 21:00 საათზე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება.