ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა გუნდის ცენტრის, დემარკუს კაზენსის შესახებ ისაუბრა. კალათბურთელი დიდი ხანია, რაც მოედანზე არ გამოჩენილა და ამის მიზეზი აქილევსის მყესის გაწყვეტა იყო.
„არც ისე დიდი ხანი დარჩა. მალე კაზენსი ვარჯიშებს შეუდგება, მაგრამ ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს სამწვრთნელო პერსონალთან ერთად მუშაობს. დემარკუსი უკვე ასრულებს ბევრ ვარჯიშს მოძრაობაზე, მოედნის ხედვაზე, ბურთის კონტროლსა და სროლებზე. მაგრამ ის ამას ჯერჯერობით დამოუკიდებლად აკეთებს და არა გუნდთან ერთად. არ გვინდა აჩქარება, გვსურს, რომ კაზენსმა თანდათან აკრიფოს ფორმა“, – განაცხადა კერმა „მერკური ნიუსთან“ (Mercury News) საუბრისას.
ამ ზაფხულს, კაზენსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი „გოლდენ სტეიტთან“ და 5.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.