დეკემბერი ფუტსალით დაიტვირთება - ნაკრები ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
ოთხი ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატამდე – ასეთი დატვირთული იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის დეკემბერი, როდესაც ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატის მზადების ბოლო ეტაპს დაიწყებენ.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 16 და 18 დეკემბერს, ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის მეტოქე უეფა-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე მყოფი სერბეთი იქნება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პლეი-ოფში მოიპოვა.
რაც შეეხება დარჩენილ ორ მატჩს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები 21 და 22 დეკემბერს ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დეკემბერში დაგეგმილი ოთხივე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური აპრილში მოიპოვა. იანვარში ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებში ითამაშებს და კონტინენტის პირველობა საქართველოს ფუტსალი ნაკრებისთვის სადებიუტო იქნება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე „დ“ ჯგუფში ითამაშებს, სადაც 22 იანვარს პირველ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს, 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს.