„დეილი მეილი“ - საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება #1TVSPORT
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტიერ 1-ის წარმომადგენელი ისტორიაში პირველად დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ პრინციპულ მეტოქესთან, იტალიასთან გაიმარჯვეს. ამ მოგებამდე საუბარი არ წყდებოდა იმის შესახებ, რომ 6 ერის ტურნირის მესვეურებმა საქართველოს კარი უნდა გაუღონ და ამ მოგების შემდეგ ეს საკითხი უფრო და უფრო აქტუალური გახდება.
ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ საქართველოს ნაკრების ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას გამოეხმაურა.
„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს.
მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე გავარდნის სისტემა უნდა მოქმედებდეს. მსგავსი სცენარი, უპირველესად, იტალიაზე იმოქმედებს, რომელსაც 2015 წლის შემდეგ 6 ერზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრები კი მუდმივად რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.
თამაშზე საოცარი ატმოსფერო იყო. ეს გახლდათ ფენომენური სარაგბო გამოცდილება და საქართველო იმსახურებს ასეთ თამაშებს“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 16 ივლისს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.