დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი გაიხსნა. „ექსტრემ ფესტის“ ორგანიზატორი ეთნიკურად ოსი არსენ მამიტოვია, რომელიც თბილისში საცხოვრებლად დაახლოებით სამი წლის წინ გადმოვიდა.
მამიტოვს სჯერა, რომ სპორტს შესწევს ძალა, ოკუპაციით დაშორებული საზოგადოება გააერთიანოს. ამ იდეით, 2022 წელს ექსტრემალური სპორტის პირველი ფესტივალი გამართა თბილისში, რომელშიც 80-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდები.
ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით დედაენის პარკში უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიების მიმართ ინტერესი და ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. არსენი მამიტოვი აპირებს, რომ ფესტივალი გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატაროს.
„თბილისში, 3 წელია, ვცხოვრობ და მას შემდეგ „სპორტ ფესტს“ ვატარებ. მონაწილეთა გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება. ახლა ბათუმელი და ქუთაისელი სპორტსმენები მოვიწვიეთ და გვინდა, რეგიონებიდან მეტი მონაწილე ჩავრთოთ. მიხარია, რომ ხალხი შემოგვიერთდა, რადგან ჩვენი დევიზია – „სპორტი აერთიანებს“.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ბიემიქსი და სკეიტბორდი ოლიმპიურ სახეობებად აღიარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გეგმა, გვსურს, გადახურული სკეიტპარკი ავაშენოთ, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენები მოემზადებიან და საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდებიან. ეს ჩემი ოცნებაა“, – ამბობს არსენ მამიტოვი.