„დეჩიჩმა“ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის არენა შეცვალა - პოდგორიცას სტადიონზე გაზონი უვარგისია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“, რომელიც პოდგორიცაში ჩაფრინდა და „დეჩიჩთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე ივარჯიშა, სიუპრიზი ელოდა – გუნდი პოდგორიცას ცენტრალური სტადიონის ნაცვლად სხვა არენაზე ითამაშებს, მიზეზი ცუდი საფარია – ინფორმაციას გამოცემა lobsport ავრცელებს.
„პოდგორიცას სტადიონის ცუდმა გაზონმა აიძულა „დეჩიჩი“, ძველ აეროპორტში ითამაშოს. „დეჩიჩმა“ ბათუმში „დინამოსთან“ ისტორიული წარმატებას მიაღწია და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
როგორც Lob Sport-მა გაარკვია, პოდგორიცას სტადიონზე გაზონის კატასტროფული მდგომარეობის გამო, გუნდს საშინაო არენის შეცვლა ბოლო წუთს მოუხდა. ორი ქვეყნის ჩემპიონების მატჩი გაიმართება არა ქალაქის სტადიონზე, არამედ ძველ აეროპორტში, ფეხბურთის ასოციაციის ბაზაზე.
Lob Sport უკვე დიდი ხანია ვაფრთხილებით მონტენეგროში მოედნების საგანგაშო მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში კომპეტენტური სამსახურები ირწმუნებოდნენ, რომ ჩვენი უდიდესი სტადიონის გაზონი გამოსაყენებლად ვარგისი იყო, აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია“, – წერს გამოცემა.
მონტენეგროს საფეხბურთო ასოციაციის ცენტრი პოდგორიცაში სავარჯიშო ბაზა და სტადიონების კომპლექსია. მისი მფლობელი მონტენეგროს ფეხბურთის ასოციაციაა, რომლის სათაო ოფისიც კომპლექსში მდებარეობს. ბაზით სარგებლობენ კლუბები „ბუდუჩნოსტი“, „მლადოსტი“, „რიბნიცა“ და „გრაფიჩარი“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დეჩიჩისა“ და ბათუმის „დინამოს“ საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.