„დეჩიჩის“ თავდამსხმელი - ბათუმის „დინამოსთან“ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
ილრი კამაიმ, რომელმაც ბათუმის „დინამოსთან“ პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და „დეჩიჩს“ გამარჯვება მოუტანა, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ბათუმში მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ, მთავარი ბრძოლა 30 ივლისს გვაქვს. თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც ბათუმში, კარგ შედეგს მივაღწევთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და, ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.
ბათუმში დუბლი შევასრულე, მაგრამ არ მგონია, მნიშვნელობა ჰქონდეს, გოლს ვინ გაიტანს ან საგოლე გადაცემას ვინ გააკეთებს, მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ და „დეჩიჩმა“ ტურნირზე გამოსვლა გააგრძელოს.
პირველი მატჩი კარგი შედეგით დავასრულეთ, მაგრამ არ უნდა დავმშვიდდეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს და შევინარჩუნოთ ის დონე, რაც საქართველოში ვაჩვენეთ“.
ბათუმის „დინამო მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს“ 30 ივლისს პოდგორიცაში შეხვდება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.