„დეჩიჩის“ მწვრთნელი ბათუმის „დინამოსთან“ მოგებით გახარებულია - ძალიან კარგ გუნდს ვაჯობეთ #1TVSPORT
„დეჩიჩის“ მწვრთნელმა, მილორად პეკოვიჩმა ბათუმის „დინამოსთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების მოგებაზე (2:0, 0:0), კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გასვლასა და პირველივე წელს ევროტურნირებზე წარმატებულ სტარტზე კომენტარი გააკეთა.
„უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩავატარეთ ძალიან მაღალი დონის მეტოქესთან, სადაც ყველას, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვაჩვენეთ, რომ ევროპულ დონეზე თამაში და ასეთ გუნდებთან ბრძოლა შეგვიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, ბიჭებისთვის და მათი თავდაჯერებულობისთვის.
აღარაფერს ვამბობ, რამდენად მნიშვნელოვანია კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ნაბიჯის გადადგმა, ამას ვუსურვებ „ბუდუჩნოსტს“ და „მორნარსაც“, რათა ჩვენი ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე ყველამ ერთად ავიყვანოთ.
საქართველოში 2:0 მოვიგეთ და თავიდანვე ვიცოდით, რომ ბათუმის „დინამო“ მაქსიმალურ ზეწოლას შეეცდებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დიდი მორალური ძალა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა გამოავლინეს. სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდით საკუთარ შესაძლებლობებში.
მართალია, მოედნის საფარი არ ვარგოდა და თამაშში ხელს ძლიერი ქარიც გვიშლიდა, მაგრამ მთავარია, რომ ძალიან კარგი გუნდი გამოვთიშეთ გათამაშებას. იმედი გვაქვს, ამავე რიტმში გავაგრძელებთ“, – განაცხადა „დეჩიჩის“ მწვრთნელმა.