დებიუტანტი გუგეშაშვილია, ყაზაიშვილი დაბრუნდა, ბერიძე-შენგელიას სანიოლი აღარ იწვევს #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა შვედეთთან 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. 15 ნოემბერს კი, საქართველო გორში უზბეკეთს უმასპინძლებს. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ოქტომბერში გამართული მატჩების (საბერძნეთითან და კოსოვოსთან) შემდეგ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა.
მან ეროვნულ ნაკრებში ერთ დებიუტანტს უხმო – 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც ბოლო წლებში „ჯვაროსნებში“ გამოძახებული გორის „დილას“ პირველი მოთამაშეა.
გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ეროვნული გუნდის ნაცვლად, 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდებიან. შვედეთის მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.
სანიოლის სიაში ეროვნული ჩემპიონატიდან სულ ხუთი მოთამაშეა. მათ შორის ორი მეკარეა – ლუკა გუგეშაშვილის გარდა ფრანგი სპეციალისტი ლაზარე კუპატაძეს („დინამო“, ბათუმი, საქართველო) აშკარად ენდობა.
ბათუმის „დინამოს“ კუპატაძის გარდა წარმოადგენენ მცველები გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი, ასევე ნახევარმცველი ლადო მამუჩაშვილი. ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევს, ჯაბა ჯიღაურს აღარ იწვევს.
სანიოლი უკვე მეორე შეკრებაა, აღარ იწვევს ბელგიის „ლეუვენში“ მოთამაშე ლევან შენგელიას, უნგრული „უიპეშტის“ თავდამსხმელს, გიორგი ბერიძეს. ფრანგმა მწვრთნელმა ამჯერადაც თავი შეიკავა კვიპროსული „აპოელის“ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას მიწვევაზე.
სანიოლი აღარც „ალმერიას“ მეკარეს, გიორგი მაკარიძეს წყალობს. სავარაუდოდ, მის თვალსაწიერში აღარც მცველი გია გრიგალავაა, რომელთან უსიამოვნებაზეც მარტის შეკრების შემდეგ განაცხადა.
ერთ-ერთი მთავარი ამბავი ვაკო ყაზაიშვილის დაბრუნებაა, რომელსაც კორეის ჩემპიონის, „ულსანის“ შემადგენლობაში გოლი გოლზე გააქვს, მაგრამ ნაკრებში ბოლო დროს თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა.