დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილის იმედები - ნაკრებში ვარჯიშიც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თავის დამკვიდრება მინდა #1TVSPORT
ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთადერთი დებიუტანტი, „დინამო თბილისის“ საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი მიიწვია.
ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო წელიწადში ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ვიცე-კაპიტანი გახდა. ანზორ მექვაბიშვილმა 21 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრებთან ერთად უახლოესი მატჩებისთვის მზადება დაიწყო – მან სადებიუტო გამოძახებისა და სხვა თემების შესახებ მან ინტერვიუში ისაუბრა:
„თავიდან „მერანში“ ვთამაშობდი, შემდეგ „დინამოს“ სელექციოენერებმა შემნიშნეს. ყველა ასაკობრივი გუნდის გავლა მომიხდა და ბოლოს „დინამოს“ მთავარ გუნდში ვითამაშე – ალბათ, ეს შანსი კარგად გამოვიყენე და ადგილი დავიმკვიდრე. ალბათ, ჩემი შრომიდან გამომდინარე, ძირითად გუნდში თამაში დავიმსახურე და ახლა ვიცე-კაპიტანი ვარ. ახლა კი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა.
ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ნაკრებში მოხვდეს და თავისი ქვეყნისთვის ითამაშოს. დამირეკა ზურაბ ხიზანიშვილმა და ემოციებს ვერ აღვწერ. იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს დიდი ბედნიერების გრძნობაა. ასეთი ემოციების თქმა და გადმოცემა შეუძლებელია.
ვიცი, რომ ნაკრებში ყველა პროფესიონალია. ჩემთვის ასეთ ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მე მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო და იქ ადგილი მოვიპოვო. თამაშია ყველაზე მთავარი და ყველას უნდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის და ხალხისთვის ვითამაშო“.