დე ხეას და ბუნუს შემდეგ - მამარდაშვილი „რეალის“ სიაში სათადარიგო კანდიდატია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ახალი სეზონისთვის „ვალენსიასთან“ ერთად ემზადება. ამის მიუხედავად, ხმები მის შესაძლო ტრანსფერზე არ წყდება. lacolinadenervion-ში გამოქვეყნებული წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე მადრიდის „რეალის“ კანდიდატთა სიაშია, ოღონდ სათადარიგო ვარიანტად.
„მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო გეგმებში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ტიბო კურტუამ ხუთშაბათს ბოლო ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. ბელგიელ მეკარეს მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აღენიშნება. დანაკარგმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განგაში გამოიწვია.
ტიბო კურტუას სერიოზული ტრავმის გამო მადრიდის „რეალი“ ბაზარზე მის შემცვლელს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ დავიდ დე ხეა ყველაზე რეალური ვარიანტია, როგორც კარლო ანჩელოტის, ასევე მენეჯმენტის ფავორიტი „სევილიის“ მეკარე იასინ ბუნუა.
მაროკოელს, რომლის ბედსაც ზაფხულში რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირდებოდნენ, შესაძლოა, „რეალის“ კარის დაცვა მოუხდეს. „სევილია“ ელოდება შემოთავაზებებს იმის მიხედვით, თუ რა სტატუსსაც მეკარე „სანჩეს პისხუანზე“ გატარებული სამი სეზონის შედეგად იმსახურებს.
ბუნუსთან ერთად გამოარჩევენ გიორგი მამარდაშვილს, რომლის კლუბი „ვალენსიაც“ ისეთივე მოლოდინშია, როგორც „სევილია“ – „მესტალიაზე“ ქართველი ვარსკვლავის ღირებულების შესაბამის შეთავაზებას ელიან“, – წერს ესპანური გამოცემა.
დღეს ლა ლიგაში სეზონს ამ ორი მეკარის გუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებით გახსნის – ბუნუს „სევილია“ „სანჩეს პისხუანზე“ მამარდაშვილის „ვალენსიას“ უმასპინძლებს. დიდი ალბათობით, მამარდაშვილი არსად აღარ წავა და სეზონს ისევ „ღამურებში“ ჩაატარებს.