დავითაშვილს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლა აგვიანდება - „ბორდოს“ საკითხის განხილვა გაჭიანურდა #1TVSPORT
დავითაშვილს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლა აგვიანდება - „ბორდოს“ საკითხის განხილვა გაჭიანურდა #1TVSPORT

ზუკა დავითაშვილს, რომელიც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების საკვაძნო მოთამაშეა, დიდი ალბათობით, ეროვნული გუნდის შეკრებაზე დააგვიანდება. მიზეზი ლიგა 2-ის ბოლო ტურში მომხდარი ამბავია.

ლიგა 2-ის ბოლო ტურში დავითაშვილის „ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩი 23-ე წუთზე ჩაიშალა, როდესაც სტუმარი ფეხბურთელი გოლს ზეიმობდა, მასპინძელთა გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ხელი ჰკრა.

საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 5 ივნისს საკითხი განიხილა, მაგრამ ღიად დატოვა და დისციპლინარებმა გამოძიების გაგრძელების მოტივით სხდომა 12 ივნისისთვის გადადეს. მათ უარყვეს „ბორდოს“ თხოვნა, რომ მატჩი განმეორებით რაც შეიძლება სწრაფად დაენიშნათ.

ე.ი. 12 ივნისს კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს და თუ მატჩის დასრულება გადაწყდა, თამაში 2-3 დღეში გაიმართება. შესაბამისად, შესაძლოა, 14 ან 15 ივნისამდე დავითაშვილი შეკრებაზე ვერ გამოცხადდეს. „ჯვაროსნები“ კი უკვე შეიკრიბნენ და ევრო 2024-ის მატჩებისთვის მზადება დაიწყეს – პირველი შეხვედრა 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსთან გვაქვს.

საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გამო „ბორდომ“ განცხადება გაავრცელა და სწორედ სანაკრებო კალენდრის კუთხით შექმნილ დისკომფორტს გაუსვა ხაზი.

„საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა საბოლოო ვერდიქტის გამოტანა 2023 წლის 12 ივნისამდე გადადო. „ბორდოს“ წინადადება მატჩის სწრაფი გადათამაშების შესახებ კომიტეტმა არ განიხილა. ეს შესაძლებელს გახდიდა სპორტული კალენდრის შეზღუდვების დაცვას, განსაკუთრებით – საერთაშორისო მატჩების თვალსაზრისით (იგულისხმება მოხლოებული სანაკრებო მატჩები).

კომისიამ საქმის გამოძიებისთვის ერთი კვირა მოითხოვა. ამ გადაწყვეტილებით, 12 ივნისამდე ჩემპიონატის საბოლოო შედეგი უცნობი დარჩება და არც იმის შესაძლებლობას ტოვებს, რომ გადამწყვეტი მატჩი სამართლიან გარემოში ჩავატაროთ“, – წერია „ბორდოს“ განცხადებაში.