დავითაშვილმა საფრანგეთში გაიტანა - „ბორდომ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ბორდოს“ ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ „როდეზთან“ გასვლით დაპირისპირებაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
27-ე ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, აქტიურობდა და 76 წუთი ითამაშა. ანგარიშიც დავითაშვილმა გახსნა. 18-ე წუთზე ჯერემი ლივოლანიმ ქართველი შემტევი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ზურიკომ კარის აღება მოახერხა. გოლი კი თანაგუნდელს, ჰონდურასელ თავდამსხმელს, ალბერ ელისს მიუძღნა, რომელიც წინა ტურში მიღებული თავის მძიმე ტრავმის შემდეგ კომაშია.
თუმცა ტაიმის ბოლომდე „როდეზმა“ ჯერ 26-ე წუთზე კილიან კორედორის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, შესვენებამდე (45+2) კი მასპინძელთა მცველმა, რაფაელ ლიპინსკიმ მცველების უყურადღებობით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი „გასახდელში“ გააყოლა და გუნდი 2:1 დაწინაურდა. მეორე ნახევარში „ბორდო“ თამაში გადარჩენას ცდილობდა და 90+მე-4 წუთზე მიზანს დანილ იგნატენკოს გოლით მიაღწია.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი 27 ტურის შემდეგ 36 ქულით ლიგა 2-ში მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. დავითაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მესამე გოლი ჩაიწერა.