დავითაშვილმა ლიგა 1-ში შეუცვლელად ითამაშა - „სენტ-ეტიენი“ „ნიცასთან“ რეკორდული ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ნიცას“ ესტუმრა და საფრანგეთის ათგზის ჩემპიონმა ისტორიაში რეკორდული მარცხი იწვნია – 8:0.
საქართველოს ნაკრების შემტევი მე-5 ტურის შეხვედრაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა მისი მონდომება საკმარისი არ გამოდგა, რადგან „ნიცამ“ „სენტ-ეტიენი“ აშკარად დაჩაგრა.
მასპინძლებმა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს და პირველივე ტაიმის 35-წუთიან მონაკვეთში „სენტ-ეტიენის“ კარში 6 გოლი გაიტანეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს და საბოლოოდ არასაფეხბურთო ანგარიშით გაიმარჯვეს – 8:0.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 5 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მე-16 (ბოლოდან მესამე) ადგილზეა.