დავითაშვილმა ისევ გაიტანა - „ბორდო“ მაინც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებული ზურიკო დავითაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და „ბორდოს“ მაისურით გოლი კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ ეს გუნდს „ბასტიასთან“ თამაშის გადარჩენაში ვერ დაეხმარა – 2:3.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრა ქართველმა ნახვეარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე ტაიმის 32 წუთში „ბასტიამ“ სამი გოლი გაიტანა და, ერთი შეხედვით, თამაშის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა.
44-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში კარგად გაიხსნა, კარში ზუსტად დაარტყა და სხვაობა შეამცირა – ამ გოლით „ბორდოს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ჯერემი ლივოლანმა სტუმართა უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანა.
თუმცა „ბორდომ“ შეხვედრა ვეღარ გადაარჩინა და 32 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-13 ადგილზეა. ვითარება კურიოზულია – გუნდს თეორიულად ლიგა 1-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც აქვს და ლიგიდან დაქვეითების საფრთხეც თავიდან არ აუცილებია. დავითაშვილმა კი სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.