დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა, გელაშვილს „სპეციაში“ შანსი არ მიეცა #1TVSPORT
დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა, გელაშვილს „სპეციაში“ შანსი არ მიეცა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და რთული შეხვედრა 0:0 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამანი ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია.

„ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერებისთვის ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შეუშვა და ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო. შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, მაგრამ ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მცველი გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში ქართველი ფეხბურთელი „გენგამის“ საჯარიმოში შევარდა და წაიქცა, რაზეც პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა. საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა და „ბორდო“ 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ „ბრეშას“ უმასპინძლა. სამწუხაროდ, ქართველი მცველი კვლავ არ ათამაშეს. მატჩი 0:0 დასრულდა და „სპეცია“ 7 ტურის შემდეგ 2 ქულით მე-18 ადგილზეა. თუმცა ერთი შეხვედრა მარაგში აქვს.