გერმანული სამენეჯერო ინტერნეტგვერდ „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ქართველი ფეხბურთელების გრაფაში ამიერიდან საკმაოდ სოლიდური ციფრები წერია – 1,5 მილიონი ევრო. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს მიერ განახლებულ ფასებში დავითაშვილის შეფასება მილიონი ევროთი გაიზარდა, როდესაც 2019 წლის დასაწყისში 500 ათასი ევრო იყო. კვარაცხელიას ტრანსფერი კი 600 ათასით გაძვირდა – აქამდე მის გრაფაში 900 ათასი ევრო ეწერა.
თუმცა, ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიის სათავეში კვლავ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველიაა – 10,0 მილიონი ევრო. მეორეზე „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე (9,0 მლნ ევრო), მესამეზე – „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა (5,0 მლნ ევრო).