დავითაშვილის გოლი და ასისტი საფრანგეთში - „ბორდომ“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
საფრანგეთში დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში ტურის მატჩები ჩაატარეს.
„ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველმა შემტევმა ანგარიშზე გოლი და ასისტი ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი „პარიზთან“ ქულა მოიპოვა – 3:3.
38-ე წუთზე სტუმრები ნუა დიკოს და ჟიულ გოდინის გოლებით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. „ბორდოს“ თამაშის გადარჩენის იმედი დავითაშვილმა დაუბრუნა, რომელიც საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ეფექტური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
ქართველმა ტაიმის ბოლოსაც სცადა გატანა და მიზნამდე ცოტა დააკლდა. მან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც გაიყვანა, მაგრამ ჯერემი ლივოლანმა ამ შანსით ვერ ისარგებლა.
„ბორდოს“ მესამე გოლი კვლავ დავითაშვილის აქტიურობას მოჰყვა. 90-ე წუთზე საჯარიმოსთან პედრო დიასი მოძებნა, რომელმაც ეფექტური დარტყმით გუნდს ქულა მოუტანა.
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა 1-ის 27-ე ტურში. მან „მონაკოსთან“ მატჩში 82 წუთი მიიღო, მისი გუნდი კი სტუმრად 2:5 დამარცხდა.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 27 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლოდან მეორე (მე-17) ადგილზეა, ხოლო „ბორდო“ ლიგა 2-ში 38 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.