დავითაშვილის „ბორდომ“ ქულები დაკარგა - მიქაუტაძის „მეცს“ სხვაობის შემცირების შანსი გაუჩნდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ბორდოში“ და სტუმრად „კევილთან“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდი მეორე ადგილზეა და გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ ქულათა სხვაობის შესანარჩუნებლად მოგება სჭირდებოდა.
„ბორდო“ უპირატესობას ფლობდა, უტევდა, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ მხოლოდ ქულა მოიპოვა. ამ შედეგით დავითაშვილის გუნდმა კონკურენტს ჩამორჩენის შემცირების შანსი მისცა.
ლიგა 2-ში გამართული 35 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 66 ქულა დააგროვა. „მეცი“ დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე „გრენობლს“ უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში „ბორდოსთან“ სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებს. საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.