დავითაშვილი „რუბინთან“ ერთად თურქეთში ემზადება [ვიდეო]

პირველ არხს თბილისის „ლოკომოტივში“ დაუდასტურეს, რომ ზუკა დავითაშვილმა კლუბი დატოვა და დიდი ალბათობით, კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს.

17 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ გაზრდილია, მაგრამ 2018 წელს „ლოკომოტივში“ გადავიდა. 2016 წელს ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ყაზანის „რუბინში“ კლუბის მთავარი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის მიწვევით ვარჯიშობდა და კონტრაქტის გაფორმებასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

ზუკა დავითაშვილს უთამაშია 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში. 2018 წელს 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდზე 6 გოლით ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ქართველი ახალგაზრდა კი თურქეთშია და სეზონისთვის „რუბინთან“ ერთად ემზადება. მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ფეხბურთელთან დაახლოებული პირის თქმით, დავითაშვილს ყაზანურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და მაქსიმუმ 2 ან 1,5-წლიანზე თანხმდება. მოლაპარაკება კი დასასრულს უახლოვდება.