დავით ზალკალიანი - ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის შენობის წინ კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის შენობის წინ კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო

ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – წერს ზალკალიანი „ფეისბუქში“.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.