დავით ზალკალიანი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, სადაც ახალი და მნიშვნელოვანი აქცენტებია
დავით ზალკალიანი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, სადაც ახალი და მნიშვნელოვანი აქცენტებია

​ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და ახალი მნიშვნელოვანი აქცენტებია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტში საუბარია საქართველოს როლზე, როგორც აშშ-ისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაზე.

„აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სამხედრო კომიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. ცალკე თავი ეთმობა საქართველოს და საქართველოსთან მიმართებით ახალი მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა. კერძოდ, საქართველოს როლზე, როგორც აშშ-ისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაზე; ქვეყანაზე, რომელიც არის ყველაზე სანდო პარტნიორი აშშ-ისთვის რეგიონში; იმ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რომელიც საქართველომ შეასრულა გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში და ასევე, როგორც სატრანზიტო პოტენციალის ქვეყანა.

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე, ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებით თავდაცვის უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ნატო-სთან თავსებადობის კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთვის საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ცალკე თავად საქართველოს გამოყოფა და ახალი ამ მნიშვნელოვანი დამატებების შეტანა მიანიშნებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვან დონეზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის (H.R. 4350) კანონპროექტი, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, საქართველო, ტრადიციულად, მოაზრებულია აშშ-ის ღირებულ პარტნიორად, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია; ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ცალსახა მხარდაჭერა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.

დატოვე კომენტარი