დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა - ზივზივაძემ თამაში გამოტოვა #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „კარლსრუე“ „ჰოლშტეინ კილს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. სტუმართა ქართველი თავდამსხმელი განაცხადში არ იყო – ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ვირუსის გამო გამოტოვა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ კიელცეს „კორონას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი კრაკოველების ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დავით ვოლკოვი იყო, რომლის „საბაჰმა“ კახა ცხადაძის „გაბალა“ 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გაიტანა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა. „საბაჰი“ 37 ქულით მესამე ადგილზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის.
განჯის „ქიაფაზმა“ კი ვოლკოვის გუნდის კონკურენტს, ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში ქულა მოიპოვა – 3:3. მასპინძელთა რიგებში მათე კვირკვიამ ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოებში დარჩა.