ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა შვედეთთან მატჩში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან განვლილ შეხვედრაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარულია. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა“, – ამბობს დავით ვოლკოვი.
აზერბაიჯანული „ზირას“ 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომელიც 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
„რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100-პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – აცხადებს დავით ვოლკოვი.