დავით უსუფაშვილი - ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი
დავით უსუფაშვილი - ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი

ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა პრეზენტაციაზე, სადაც წარადგინეს ახალი კამპანია – „ახალი ძალა, ახალი იმედი“. პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას წარუდგინეს გეგმები ახალი კამპანიის შესახებ და ასევე, პარტიის ახალი ლოგო.

პრეზენტაციაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა რომ ახალმა ძალამ ქვეყანაში უნდა დაამყაროს ახლებური, ჯანსაღი წესრიგი.

„ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი და ჩვენ, ვისაც ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაზე, ვალდებული ვართ, დავდგეთ ახალი ძალის გვერდით, იმისათვის, რომ ახალმა ძალამ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს; იმისათვის, რომ ახალმა ძალამ მართლაც ახლებური სახელმწიფოებრივი წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში, რომლითაც მერე, მთელი ქვეყანა მთელი ერი ერთნაირად ვისარგებლებთ.

ჩვენ უამრავი პრობლემა ერთად უნდა დავამარცხოთ და მათზე ერთად გავიმარჯვოთ. სიღარიბეზე უნდა გავიმარჯვოთ, კორუფციაზე უნდა გავიმარჯვოთ, სიყალბეზე, მტრობაზე და დათითოკაცებაზე, რომელმაც ეს ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა.

ძვირფასო მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოდით, ერთად გავიმარჯვოთ ძალიან მალე, იმისათვის, რომ 102 წლის წინ გამოცხადებული, 29 წლის წინ აღდგენილი, სამი დღის წინ აღნიშნული, მართლაც რეალობად იქცეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვიყოთ გამარჯვებული თავისუფალ, დამოუკიდებელ და აყვავებულ საქართველოში.
აი, ამას გისურვებთ და ამისთვის მოდის „ლელო“ არჩევნებზე“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.