დავით თარგამაძე: ჯერ "საბურთალო", ევროპაში თამაშს მერეც შევძლებ
დავით თარგამაძე: ჯერ "საბურთალო", ევროპაში თამაშს მერეც შევძლებ

დავით თარგამაძე მოედანს უბრუნდება – პირველი არხი უკვე წერდა, რომ 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, კარიერა “საბურთალოს” დაუკავშირა.

თარგამაძემ ამ არჩევანზე, ტრავმით გამოწვეულ პაუზასა და ფეხბურთში დაბრუნებაზე ილაპარაკა.

„წვივის ძვლის მოტეხილობის გამოც ძალიან დიდი დრო გამიცდა. მადლობა ღმერთს, რომ ფეხი აღარ მაწუხებს და შემიძლია ვარჯიში. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში რომ ჩავერთე, მივხვდი, ყველაფერი კარგად არის. ამ ხნის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე, რთული დრო გავიარე, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დავიწყებულია და ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ“ – ამბობს თარგამაძე.

მან თავის ახალ კლუბზეც ილაპარაკა: „ეროვნულ ლიგას თვალს სისტემატურად ვადევნებ, „საბურთალომ“ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც ვარჯიში დავიწყე, მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვთხოვე კლუბში თუ იყო ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა. ის გვერდში დამიდგა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს „საბურთალოს“ ფეხბურთელი ვარ. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა უკრაინიდან, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გავატარე, მაგრამ უარი ვთქვი. უცხოეთში რომ მიდიხარ, კარგად უნდა წარმოაჩინო თავი. ჯერ ფორმა უნდა აღვიდგინო, ევროპაში თამაშს კი მომავალშიც შევძლებ“.