დავით სირაძე - ჯაბა კანკავას დაბრუნება საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დავით სირაძემ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის შეხვედრაზე, რომელიც 21 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება.
„ლუქსემბურგთან მატჩი რთული იქნება, თამაშს იმედით ველოდებით. ხალხი წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს, რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება. შეხვედრის საყურებლად მთელი ქვეყანა გარეთ იქნება გამოსული.
დარწმუნებული ვარ, ეს დამოკიდებულება ფეხბურთელებს სტიმულს მისცემს. ამას გარდა, სახლში ვთამაშობთ და სავსე ტრიბუნების ფაქტორიც მნიშვნელოვანია.
გამიხარდა, რომ ვილი სანიოლმა ნაკრებში ჯაბა კანკავა დააბრუნა. ის გუნდისთვის დიდი ძალაა და ჩვენს ნაკრებს მისი ყოფნაც კი გამარჯვებაში ძალიან დაეხმარება.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ, ვიმედოვნებ, ფინალში უკვე ხვიჩასთან ერთად ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რაც ყველა ქართველის ოცნებაა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით სირაძე.
საქართველოს და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ათენში ყაზახეთს უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ამ წყვილში გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.