დავით სერგეენკო - რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა
დავით სერგეენკო - რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა

რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.

სერგეენკოს თქმით, საკითხი თავისი მასშტაბით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს გამჭირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„ის, რაც გუშინ ითქვა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც, როგორც ნებისმიერ ბრალდებას,  აუცილებლად სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა. დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას წლებია, ვიცნობ, სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი საქმის გამოძიება. ეს კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გუშინ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.