დავით სამურკასოვი - ვეცდები „ტორპედოსთან“ ერთად პირველი ტიტულები მოვიპოვო #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო, 14 იანვრიდან კი საწვრთნელი პროცესი თურქეთში განაგრძო. ამჯერად ქუთაისელებმა ერთთვიანი შეკრება სიდეში დაგეგმეს, სადაც 8 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
გუნდის რიგებში პირველი ვარჯიში გამართეს ახალწვეულებმა დავით სამურკასოვმა და ოთო გოშაძემ, რომლებმაც „ტორპედოსთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.
დავით სამურკასოვი: „მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. მინდა, ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად პირველი ტიტულები მოვიპოვო. გუნდში ამ მიზნით მოვედი და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. „ტორპედოში“ ბევრი ნაცნობი დამხვდა და ადაპტაცია არ გამჭირვებია. აქ გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია“.
ოთო გოშაძე: „სასიხარულოა ასეთ ისტორიულ და დიდი ტრადიციის მქონე გუნდში მოხვედრა. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოველთვის მაღალი მიზნები ჰქონდა და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. კარგი გარემოა, ბიჭები კარგად დამხვდნენ და ვიმედოვნებ, ასევე გაგრძელდება. ზაფხულში საქართველოს სახელით კონფერენს ლიგაზე გამოვდივართ და ჯგუფში მოხვედრა ყველასთვის საოცნებოა. ქუთაისის „ტორპედოს“ სწორედ ეს მიზანი აქვს და ყველანაირად ვეცდებით, ამას მივაღწიოთ“.