დავით სამურკასოვი, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დატოვა, კარიერას ლატვიის ჩემპიონატის გუნდ „ლიეპაიაში“ განაგრძობს.
„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცელის ტრანსფერი ლატვიურ კლუბთან 7 ივლისს გაფორმდა.
სამურკასოვმა კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2022 წელს ბერძნულ „ეპისკოპში“ გადავიდა, ქუთაისის „ტორპედოში“ კი 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
„ლიეპაიას“ მთავარი მწვრთნელი ქართველი თამაზ პერტიაა. გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება – „საბურთალოსა“ და „თელავის“ ყოფილი მეკარე ლუკა სანიკიძე, „დინამო თბილისიდან“ ერთწლიანი იჯარით დამატებული ნახევარმცველი გიორგი კუცია და ასევე თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობიდან მიწვეული ნიკა ცხოვრებაშვილი, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველია.
ამას გარდა, ლატვიურ კლუბში თამაშობს ნიგერიელი ლუქმან გილმორი, რომელიც ასევე საქართველოდან, წყალტუბოს „სამგურალიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „ლიეპაია“ ლატვიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.