დავით რურუამ განმარტა, რატომ არ იბრძოლა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტობისთვის
დავით რურუამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა, რატომ აღარ ისურვა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
დელეგატებმა ფედერაციის განვლილი პერიოდის საქმიანობა განიხილეს და დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის, დავით რურუას მუშაობა. ის ფედერაციას ორი ვადით ხელმძღვანელობდა – ამ რვა წლის განმავლობაში კი საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხჯერ გავიდა. ამის მიუხედავად, რურუამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა საკუთარი ნებით მოხსნა, ისევე როგორც ვეტერანმა წყალბურთელმა, თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად დავითიანმა – საბოლოოდ, დელეგატებმა პრეზიდენტად „ოლიმპიკის“ მეპატრონე ალექსანდრე ნიკოლაიაშვილი აირჩიეს.
„მიმაჩნია, რომ ფედერაციას ცუდად არ ვუხელმძღვანელე, მაგრამ კანდიდატურა შეგნებულად მოვხსენი, რადგან მიმაჩნია, რომ ნიკოლაიშვილი ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცია, ყოფილი წყალბურთელია და აქამდეც ბევრჯერ დაგვხმარებია.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს კიდევ უფრო უკეთ გაუძღვება და საწყლოსნო ფედერაციის საქმიანობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. რეალურად ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველა იმაზე ვფიქრობთ, საქმე უკეთ როგორ გავაკეთოთ. ჩემი ნაბიჯიც ამით იყო განპირობებული“, – აცხადებს დავით რურუა, რომელიც დელეგატებმა საწყლოსნო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
დავით რურუა წყალბურთს არ ჩამოშორებია. ყრილობის დელეგატებმა სამი ვიცეპრეზიდენტი აირჩიეს, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ რურუა გახლდათ.