დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ „ლიონთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალგაზრდა წევრებმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა „ტოპ 14“-ის (Top 14) ერთ-ერთ ფავორიტ „ლიონთან“ სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
22 წლის მესამეხაზელი საღინაძე 2018 წლიდან საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ „პროდ2“-ის (ProD2) კლუბ „ორიაკის“ ღირსებას იცავდა. წლევანდელ სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 13 თამაშში ერთი ლელოს დადება მოახერხა.
რაც შეეხება დავით ნინიაშვილს, 18 წლის ფულბეკი სარაგბო კლუბ „ხვამლის“ აღზრდილია. მას სანაკრებო დებიუტი „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო სადებიუტო ლელო კი 2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ რუსეთის წინააღმდეგ დადო.
საღინაძემ „ლიონთან“ სრული კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ნინიაშვილის შეთანხმების მიხედვით ის თავდაპირველად კლუბის ესპუარებში (23 წლამდელთა გუნდი) ჩაირიცხება, თუმცა ვარჯიშების მნიშვნელოვან ნაწილს ძირითად ბირთვთან ერთად ჩაატარებს.