დავით ნინიაშვილი ტრავმირებულია - ქართველ მორაგბეს დაახლოებით ექვსი კვირა გაუცდება #1TVSPORT
ფრანგული „ლიონის“ 20 წლის ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს – ნინიაშვილს საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდება.
„ლიონმა“ „ჩელენჯ კაპის“ მერვედფინალში „სტად ფრანსეს“ 41:24 სძლია, სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა ნინიაშვილმა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მატჩის შემდეგ კი გამოჩნდა, რომ ქართველი მორაგბე ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.
ქართველი უკანახაზელი „ლიონს“ ვერ დაეხმარება 8 აპრილს დაგეგმილ „ჩელენჯ კაპის“ მეოთხედფინალურ მატჩში „ტულონის“ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, სრულად გაუცდება საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი, ხოლო თუ ლიონელებმა პლეი ოფში გასვლა მოახერხეს, იმ დროისთვის დავითი, წესით, სრულ მზადყოფნაში იქნება.