დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება - რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
შაბათს, 2 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობას ოთხი მორაგბე დაამატა – ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე („ტულონი“), ბურჯი ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“) და მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“). მათგან სასტარტო შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ნინიაშვილი უბრუნდება, რომელმაც ჯგუფური ეტაპის თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა.
ნინიაშვილმა გასულ უქმეებზე „ლიონის“ შემადგენლობაში ითამაშა, ორი ლელოს დადება მოახერხა და ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
კოკერილმა „მუხებთან“ (რუმინეთის ნაკრების მეტსახელი) მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა:
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ), 11. დავით ნინიაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. ბექა გორგაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.
ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოლებენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.
ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ ანთიმოზ ივერიელის თასი 23-ჯერ გათამაშდა, 17-ჯერ (მათ შორის, ბოლო შვიდი გათამაშება ზედიზედ) ის საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 6-ჯერ კი რუმინელებს დარჩათ.