დავით ნინიაშვილი - ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთლიანად ქართული რაგბის აღიარებაა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ თავისი არსებობის 70-ე იუბილეზე ტრადიციული „სარაგბო ოსკარებიც“ დაარიგა.
2021-22 წლების სეზონის შეჯამებისას, საუკეთესო ახალბედა მორაგბის ნომინაციაში სარაგბო ოსკარი საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელ დავით ნინიაშვილს გადაეცა.
ჯილდოს მიღების შემდეგ ნინიაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ, რომ ეს პრიზი მე გადმომეცა, ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთლიანად ქართული რაგბის აღიარებაა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ნაკრებს წარმატებები ვუსურვო ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის“, – განაცხადა ნინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე გახდა, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ჯილდო გადასცეს – 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა.