დავით მუჯირი - „ზლატე მორავცეში“ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბაბუასა და მამაზე უკეთესი ფეხბურთი ვითამაშო #1TVSPORT
„ზლატე მორავცეში“ ჩარიცხულმა დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა სლოვაკური კლუბის პრესსამსახურთან და ამბობს, რომ გუნდის იმედების გამართლებას შეეცდება.
„ძალიან მიხარია, რომ „ზლატე მორავცემ“ მომცა საშუალება, მისი მაისური ჩამეცვა. მე ვაფასებ ამ კონტრაქტს და ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო, ხოლო კლუბსა და მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ისინი ჩემში არ შემცდარან“, – განაცხადა მუჯირმა.
„ზლატე მორავცეს“ პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი დავით მუჯირი ზიტაუში შეკრებაზე გუნდს ერთი კვირის წინ შეუერთდა და ახალი გუნდთან ადაპტაცია სწრაფად გაიარა:
„ძალიან მომეწონა გარემო. პირველი დღიდან მეგობრული დამოკიდებულება ვიგრძენი. ხშირად ვესაუბრებით მწვრთნელს, რომელიც შესანიშნავი პიროვნებაა. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ თამაში გავაუმჯობესოთ და წინ წავიდეთ. მინდა, მაქსიმალურად ბევრი ვითამაშო და ბევრი გოლი გავიტანო. ჩემგან, როგორც თავდამსხმელისგან ბევრს ელიან“.
ქართველ ლეგიონერს კომენტარი საოჯახო დინასტიის შესახებაც ჩამოართვეს – 22 წლის ფეხბურთელის ბაბუა დავით მუჯირი თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის მცველი იყო, ამავე გუნდში დაიწყო თამაში მამამისმა, ასევე დავით მუჯირმა და შემდეგ გრაცის „შტურმში“, სამარის „კრილაი სოვეტოვში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, იაპონურ „ჰიროსიმაში“ გამოდიოდა და საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ, ამჟამად კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.
„მე ოჯახურ ტრადიციაში უზარმაზარ მოტივაციას ვხედავ. ფეხბურთს თამაშობდა არა მხოლოდ მამაჩემი, რომელიც შემტევი ნახევარმცველი იყო, არამედ ბაბუაც, რომელიც მცველი გახლდათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათზე უკეთესი ფეხბურთი ვითამაშო“, – იმედოვნებს დავით მუჯირი უმცროსი.
22 წლის დავით მუჯირმა სლოვაკურ კლუბში ერთკვირიანი ტესტირება გაირა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტანმაღალმა თავდამსხმელმა კარიერა საქართველოში დაიწყო. გამოდიოდა „ჩიხურაში“, „დინამო თბილისსა“ და „შუქურაში“. სლოვაკეთი დავითისთვის მესამე უცხო ქვეყანაა მოლდოვას (ტირასპოლის „შერიფი“) და თურქეთის („ანტალიასპორი“ U19) შემდეგ.
რაც შეეხება „ზლატე მორავცეს“, გასულ სეზონში გუნდმა სლოვაკეთის „ფორტუნა ლიგაში“ მე-5 ადგილი დაიკავა, მიმდინარე სეზონში კი ორი ტურის შემდეგ ჯერ ქულა არ აუღია და ბოლო ადგილზეა.